მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელონასთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.
2005–2006
2005 წლის 16 სექტემბერს ბარსელონამ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.
2005–06 წლების სეზონში მესიმ 6 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 თამაშში და 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში. 2006 წლის 7 მარტს, „ჩელსისთან“ მეორე მატჩსისას, მესის კუნთი გაუწყდა და ამით დაამთავრა სეზონი. რაიკაარდის „ბარსელონამ“ იმ წელს ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
2006–2007
მესი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 2007 წელს.
2006–07 წლების სეზონში მესი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და 26 თამაშში 14 გოლი გაიტანა. 12 ნოემბერს, „სარაგოსასთან“ მატჩში მესიმ ტერფი მოიტეხა, რომელმაც 3-თვიანი პაუზა გამოუწერა. მესიმ ტრავმა არგენტინაში იმკურნალა და 11 თებერვალს დაბრუნდა „რასინგთან“ მატჩში, რომელშიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. 11 მარტის „ელ კლასიკოს“ მესი საუკეთესო ფორმაში შეხვდა, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა. მესიმ სამივე გოლით გაათანაბრა ანგარიში, რომლისგანაც ბოლო დამატებით დროში გაიტანა. ჰეთთრიკით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა ელ კლასიკოში („რეალში“ ეს ივან ზამორანომ შეძლო 1995–96 წლების სეზონში). სეზონის დასასრულისკენ მესიმ შედეგიანობას უმატა — 14 გოლიდან 11 მესიმ ბოლო 13 შეხვედრაში გაიტანა.
მესი „ხეტაფესთვის“ გოლის გატანამდე
მესიმ დაამტკიცა, რომ მისი მეტსახელი — „ახალი მარადონა“ — არ იყო გადამეტებული, გაიტანა რა მარადონას 2 ყველაზე ცნობილი გოლი ერთ სეზონში. 2007 წლის 18 აპრილს მესიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხეტაფეს“ 2 გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მარადონას მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში 1986 წელს, რომელიც საუკუნის საუკეთესო გოლად არის ცნობილი. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ — 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა — 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან, როგორც მარადონა 21 წლის წინ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაში მესის თანაგუნდელმა დეკუმ თქვა: „ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს“. „ესპანიოლთან“ მატჩში მესიმ მარადონას მსგავსი „ღვთის ხელის“ გოლი გაიტანა, როგორიც დიეგომ ინგლისს მეოთხედფინალებში გაუტანა. მესის ჩაუწოდეს, ამ დროს იგი საჯარიმოში იყო და რიკოშეტით მისულ ბურთს ხელი დაახვედრა და ისე შეაგდო კარლოს კამენის კარში. მოუხედავად „ესპანიოლის“ ფეხბურთელების პროტესტისა, გოლი ჩაითვალა.
2007–2008
2007–08 წლების სეზონის განმავლობაში, მესიმ ერთ კვირაში 5 გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ლა ლიგის 4-ეულში მოაქცია. 19 სექტემბერს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონი“ დაამარცხა 3–0 — აქედან ერთი გოლი მესიმ გაიტანა. 22 სექტემბერს მესიმ დუბლი შეასრულა „სევილიასთან“ და 26 სექტემბერს მორიგი დუბლი შეასრულა „სარაგოსასთან“. 2007 წლის 27 თებერვალს „ვალენსიასთან“ მესიმ მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით.
მესიმ ნომინაცია მიიღო FIFPro-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესპანურმა გამომცემლობა „მარკამ“ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მესიმ ხმების 77 % მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. კატალონიურმა გაზეთებმა — „ელ მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტმა“ დაწერეს, რომ „ოქროს ბურთი“ მესის უნდა მიეღო, რომლებსაც ფრანც ბეკენბაუერიც დაეთანხმა. ფრანჩესკო ტოტიმაც განაცხადა, რომ მესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
მესიმ 6 კვირა ვერ ითამაშა 4 მარტს გაწყვეტილი კუნთის გამო „სელტიკტან“ საჩემპიონთალიგო მატჩში. ბოლო 3 სეზონში მესიმ ამ ტიპის ტრავმა მე-4 ჯერ მიიღო.
2008–2009
მესი „დეპორტივოსთან“ შეხვედრაში. 31 მარტი, 2007
რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0–1-იანი წაგება 2–1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6–1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2–0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით.
2009 წლის პირველი ჰეთთრიკი მესიმ ესპანეთის თასის მატჩის დროს შეეუსრულა „ატლეტიკოს“, რომელსაც „ბარსელონამ“ 3–1 მოუგო. მესიმ მორიგი მნიშვნელოვანი დუბლი 2009 წლის 1 თებერვალს შეასრულა, როცა „ბარსელონა“ 0–1-ს აგებდა რასინგის „სანტანდერთან“ და შეცვლაზე შემოსულმა მესიმ თამაში შემოაბრუნა. მე-2 გოლი მე-5000 აღმოჩნდა „ბარსელონას“ მიერ ლა ლიგაში გატანილ გოლებში. ლა ლიგის 28-ე ტურში მესიმ მიმდინარე სეზონში თავისი 30-ე გოლი „მალაგას“ გაუტანა და გუნდს დაეხმარა „მალაგას“ 6–0 განადგურებაში. 2009 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ 2-ჯერ შეუგდო „ბაიერნს“ და დაეხმარა გუნდს 4–0 გამარჯვებაში. მისმი მე-2 გოლი მე-8 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც მისთვის რეკორდი აღმოჩნდა. 18 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ მესიმ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა, გუნდმა 1–0 მოიგო და 6 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე მყოფ „რეალს“.
სეზონის მიწურულს, მესიმ დუბლი შეასრულა სეზონის მე-2 „კლასიკოში“ (სეზონის 35-ე და 36-ე გოლები ყველა შეჯიბრებაში) და „ბარსელონამ“ „რეალი“ 6–2 დაამარცხა. ეს იყო „რეალის“ ყველა მწარე მარცხი 1930 წლიდან. თითოეული გოლის გატანის შემდეგ მესი ტელეკამერებთან მირბოდა და მაისურს იწევდა, რომლის ქვეშაც მეორე მაისური იყო წარწერით „Sindrome X Fragil“. ამით მესიმ დაავადებულ ბავშვებს გაუწია ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში მესიმ ბოლო წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომლის გოლის წყალობითაც „ბარსელონა“ ფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესახვედრად. მესიმ თავისი პირველი ესპანეთის თასი 13 მაისს მოიგო, რომლის ფინალშიც მესიმ 1 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკს“ 4–1 მოუგო და თასი აწია. მესი დიდა დაეხმარა „ბარსელონას“ ლა ლიგის მოგებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მან მე-2 გოლი გაიტანა 70-ე წუთზე (ჩავის პასით) და ასე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 9 გოლით. მესიმ უეფას წლის ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოებიც მიიღო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.
2009–2010
მესი „კამპ ნოუზე“ ხოან გამპერის თასის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ
2009 წლის უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ჟოზეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მესი ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ნანახი აქვს. 19 სექტემბერს მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი მოაწერა, რომლის ვადაც 2016 წელს გადიოდა. კონტრაქტში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მესის მსურველ კლუბს 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის ხელფასიც გაეზარდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა 9,5 მილიონი ევროთი წელიწადში. კონტრაქტის მოწერიდან 4 დღეში მესიმ 2 გოლს 1 საგოლე პასი მიამატა რასინგის „სანტანდერთან“ მატჩში, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. სეზონის პირველი ევროპული გოლი მან კიევის „დინამოსთან“ გაიტანა 29 სექტემბერს, რომელიც გუნდმა 2–0 მოიგო. 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „სარაგოსასთან“ 6–1 მოგებაში მესიმ ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც მესის გოლების სერია 6-მდე აიყვანა 7 მატჩში.
2009 წლის 1 დეკემბერს მესიმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მესიმ თქვა: „მას მე ოჯახს ვუძღვნი. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ რთულ პერიოდში და ზოგჯერ ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ ჩემ გასაჭირს“.
მესი 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩის დროს
19 დეკემბერს, 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მესიმ „ესტუდიანტესს“ მკერდით გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდმა წლის მე-6 ტიტული მოიგო. 2 დღის შემდეგ მან ფიფას წლის ფეხბურთელის ჯილდო მოიგო კრისტიანო რონალდოს, ჩავის, კაკასა და ანდრეს ინიესტას ძლევით. ეს ჯილდო მას იქამდე არ ჰქონდა მოგებული და პირველი არგენტინელი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2010 წლის 10 იანვარს მან ტენერიფეს ჰეთთრიკი შეუსრულა, რომელიც პირველი იყო სეზონში; 17 იანვარს კი მან „ბარსელონას“ მაისურით თავისი მე-100 გოლი გაუტანა „სევილიას“, რომელიც გუნდმა 4–0 მოიგო.
ამის შემდეგ მესის გოლების შთამბეჭდავი დაიწყო, გაიტანა რა 11 გოლი 5 თამაშში. პირველი მან 84-ე წუთზე გაუტანა „მალაგას“ (გუნდმა 2–1 მოიგო); შემდეგ მან 2 გოლი გაუტანა „ალმერიას“ (2–2); „ვალენსიას“ მესიმ ჰეთთრიკი შეუსრულა (3–0); შემდეგი იყო 2 გოლი „შტუტგართან“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „ბარსელონამ“ 4-0 მოიგო და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა; დაბოლოს, მან მორიგი ჰეთთრიკი შეუსრულა „სარაგოსას“ (4–2 გასვლით შეხვედრაში). მან თავისი მე-200 მატჩი „ოსასუნასთან“ ითამაშა 2010 წლის 14 მარტს.
2010 წლის 6 აპრილს მან კარიერაში პირველი პოკერი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის შეხვედრაში შეასრულა, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. ამ პოკერით მან რივალდოს გადაუსწრო და გახდა „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონტა ლიგაზე. 10 აპრილს მესიმ სეზონის მე-40 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“ სეზონის მე-2 „ელ კლასიკოზე“. 1 მაისს მესიმ სეზონის 50-ე მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა „ვილიარეალს“ 4–1 მოგებულ გასვლით შეხვედრაში. 3 დღეში მესიმ მორიგი გოლი გაიტანა „ტენერიფესთან“ 4–1 მოგებულ შეხვედრაში. 8 მაისს მესიმ სეზონში 32-ე გოლი გაუტანა „სევილიას“. მესიმ 33-ე და 34-ე გოლები „ვალიადოლიდს“ გაუტანა ლა ლიგის ბოლო მატჩში, რომლითაც რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996–97 წლებში დაამყარა კლუბის რეკორდი. მესის სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა ტელმო სარას რეკორდამდე, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლი გატანა შეძლო. 2010 წლის 3 ივნისს მესი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
2010–2011
მესი 2015 წლის უეფა-ს სუპერთასზე.
2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1–3 ჰქონდა წაგებული. მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5–1 მოიგო.
2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა. მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია. ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.
2011–2014
2013–2014 წლების სეზონში მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 გოლი გაიტანა, ოთხჯერ შეასრულა ჰეტ-ტრიკი.
2014 წელს კი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინასთან ერთად მოგების საშუალება, თუმცა მათ გერმანიამ მარიო გეცეს გოლით დამატებით დროში 1–0 აჯობა. მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მან 4 გოლი გაიტანა.
2014–2016
2014–2015 წლების სეზონი ლიონელ მესისთვის წარმატებული გამოდგა. ბარსელონასთან ერთად მან ტრიპლეტი შეასრულა. ყველა ტურნირზე მესიმ 58 გოლი გაიტანა, ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნეიმართან ერთად. ფიფა-ს მიერ აღიარებული იქნა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
შემდეგი სეზონი მესისთვის ნაკლებად წარმატებული გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ესპანეთის ლიგის და თასის გამარჯვებულის რანგში დაამთავრა. 2016 წლის ზაფხულში მესი თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეორე წელიწადს დამარცხდა კოპა ამერიკას ფინალში ჩილეს ეროვნულ გუნდთან.წარდგენილი იყო ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ ნომინაციაზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.
მესის კარიერაში 845 მატჩი აქვს ჩატარებული სადაც 689 გოლი და 282 ასისტი აქვს, აქედან 138 მატჩი სანაკრებო იყო სადაც 70 გოლი და 42 ასისტი აქვს მოგროვებული.
